4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ევა შაშიაშვილმა რუსთავის ქალთა პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი დღეს შეეცვალა.
„უსამართლობა ხდება, ეს არ უნდა მომხდარიყო, ჩვენ არავინ არ ვართ დამნაშავეები, ვინც ციხეში ვართ, ჩვენ ყველანი რუსული რეჟიმის მსხვერპლი ვართ. იმედია შეიცვლება. თავიდან იარაღის ტარებას, თანხის აღებას და ასეთ სისულელეებს მეუბნებოდნენ, მაგრამ ვერ მიიღეს ასეთი რაღაც ჩემგან, ერთ-ერთი ნივთის სროლა ვაღიარე. უნდოდათ, რომ მეთქვა - იყო ძალადობები, პირადი მიმოწერა ზოდელავასთან, ბურჭულაძესთან, მაგრამ ეს ძალიან დიდი სისულელეა. ჩემს შვილს უჩემოდ ძალიან უჭირს. პირველ რიგში მასთან მივდივარ, უნდა წამოვიყვანო სახლში. მადლობა ყველას. ყველა იმ ადამიანს, ვინც ციხეში ზის, ვუსურვებ ჯანმრთელობას, გამძლეობას და იმედს", - განაცხადა ევა შაშიაშვილმა.
ევა შაშიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
პროკურორ როინ ხინთიბიძის განმარტებით, ბრალდებულის და მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შაშიაშვილმა აღიარა ბრალი და მტკიცებულებები უდაოდ ცნო, ბრალდების მხარე თანახმაა, ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნო.
შეგახსენებთ, რომ ევა შაშიაშვილის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.