მიანმარში, რომელსაც სამხედრო ხუნტა მართავს, 28 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური იმართება. საარჩევნო უბნები დედაქალაქ ნეიპიტოში, ასევე იანგონში, მანდალაიში და სხვა ქალაქებში, ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე გაიხსნა.
როგორც სააგენტო AFP იტყობინება, იანგონში არჩევნები გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობს, განსაკუთრებით რკინიგზის სადგურებსა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების ზონებში.
მიანმარში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების შემდეგ პირველია, სამ ტურად ჩატარდება.
მეორე ტური ორ კვირაშია დაგეგმილი, ხოლო მესამე - 25 იანვარს. ხუნტას ოფიციალური პირები ამ არჩევნებს „ნამდვილ დემოკრატიაში დაბრუნებას“ უწოდებენ, თუმცა ბევრი დამკვირვებელი არჩევნებს აკრიტიკებს.
გადატრიალების შემდეგ მიანმარში სამოქალაქო ომი გრძელდება. შეიარაღებული ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა, რომ არჩევნები არ ჩაეტარებინა. ამასთაბ, ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.
გაერო-მ განაცხადა, რომ მიანმარს სჭირდება „თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და სანდოობა“.
„მნიშვნელოვანია, რომ მიანმარის მომავალი განისაზღვროს თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და სანდო პროცესით, რომელიც ასახავს მისი ხალხის ნებას“, - აღნიშნულია მიანმარში გაერო-ს ოფისის განცხადებაში.
2021 წლის თებერვალში მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყნის ლიდერები, საგარეო საქმეთა მინისტრი და დე ფაქტო ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, აუნ სან სუ ჩი და პრეზიდენტი ვინ მინი, დააკავეს, ძალაუფლება კი უზენაეს მთავარსარდალს მინ აუნ ჰლაინს და სამხედროებს გადაეცა.
2020 წლის არჩევნებში აუნ სან სუ ჩის პარტიამ „ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის “ დამაჯერებლად გაიმარჯვა. თუმცა მას სამხედოების პუტჩი მოჰყვა არჩევნებშ დარღვევების საბაბით. ამის მიუხედავადა, სამხედროებს დარღვევების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ.
აუნ სან სუ ჩი დამნაშავედ ცნეს რამდენიმე მუხლით და საერთო ჯამში 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, 2022 წლის ნოემბერში სუ ჩი იმ 6000 პოლიტიკურ პატიმარს შორის იყო, რომლებიც სამხედრო ხუნტამ შეიწყალა.
მიანმარის ხუნტამ აუნ სან სუ ჩი 5 საქმეზე შეიწყალა. სუ ჩის 33 წლიანი სასჯელი 6 წლით შეუმცირდა.
სამხედროების სახელმწიფო ადმინისტრაციის საბჭომ რამდენიმე საქმეზე მიანმარის ყოფილი პრეზიდენტი, ვინ მინიც შეიწყალა, რომელიც 2021 წლის გადატრიალების შემდეგ აუნ სან სუ ჩისთან ერთად დააკავეს. შედეგად მინს სასჯელი 4 წლით შეუმცირდა.
მიანმარის ორივე ყოფილი ლიდერი პატიმრობაში რჩება.
მიანმარი გადატრიალების შემდეგ სულ უფრო ეფლობა ქაოსსა და ძალადობაში. უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, ხუნტის საწინააღმდეგო პროტესტების დროს სულ მცირე 1 447 ადამიანი მოკლეს, 11 400-მდე კი დააპატიმრეს.
2025 წლის ივლისში საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ოფიციალურად გამოცხადდა, თუმცა სინამდვილეში ქვეყანაში ძალაუფლებას კვლავ სამხედროები აკონტროლებენ.