აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებების დაწყებამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან ტელეფონით ისაუბრა.
როგორც მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, ამერიკელებს, ევროპელებს და უკრაინელებს მხოლოდ მშვიდობა სურთ.
„საფრანგეთი უკრაინის მხარესაა და დარჩება ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს. მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელ, ევროპელ და ამერიკელ მომლაპარაკებელს, რომლებიც მობილიზებულნი იყვნენ ამ მიზნის მისაღწევად“, - დაწერა მაკრონმა.
თავის მხრივ, ზელენსკიმ მაკრონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოხარული ვიყავი, რომ დღეს პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე თქვენთან ვისაუბრე.
ჩვენ მჭიდროდ ვაკოორდინებთ ჩვენს ქმედებებს და ერთად ვმუშაობთ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის შეხვედრა მიმდინარეობს.