საპროტესტო აქციების ფონზე ბულგარეთის მთავრობა გადადგა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენ გვესმის მოქალაქეების ხმები, რომლებიც პროტესტს მართავენ მთავრობის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები, რაც არის მთავრობის გადადგომა. ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები ითხოვდნენ გადადგომას და ეს სამოქალაქო ენერგია უნდა იქნეს მხარდაჭერილი“, – თქვა ჟელიაზკოვმა.
ჟელიაზკოვმა გადადგომის შესახებ განცხადება მანამდე გაავრცელა, ვიდრე პარლამენტი მისი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრას ჩაატარებდა.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბულგარეთში დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია ბულგარეთში გუშინაც გაიმართა. აქციები დაიწყო 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გამო, რომელიც გადასახადების გაზრდას ითვალისწინებდა. თუმცა მოგვიანებით მთავრობამ პროექტი უკან გაიწვია. ამის მიუხედავად, ბულგარეთის ქალაქების ქუჩებში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები მაინც გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ.