უკრაინის უსაფრთხოების ძალების Sea Baby-ის ტიპის საზღვაო დრონებმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერ Dashan-ს შეუტიეს. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით იუწყება.
კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემი უკრაინის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში პორტ „ნოვოროსიისკის“ ტერმინალის მიმართულებით მოძრაობდა.
ის მაქსიმალური სიჩქარით მიდიოდა გამორთული ტრანსპონდერით.
ტანკერმა თავდასხმის შედეგად კრიტიკული ზიანი მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, გემი მწყობრიდან გამოვიდა.
უკრაინის უსაფრთხოების ძალებში განმარტეს, რომ ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის მე-13 მთავარი სამმართველოსა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ოპერაცია.
წყაროების ცნობით, ასეთი ტანკერის სავარაუდო ღირებულება 30 მილიონი დოლარია და ერთი რეისის დროს მან დაახლოებით 60 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები გადაიტანა.
მანამდე ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და შვეიცარიამ Dashan-ის გემის წინააღმდეგ მისი მაღალი რისკის შემცველი გადაზიდვისა და რუსული ნედლეულის ტრანსპორტირების გამო სანქციები დააწესეს.