აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები „კრიტიკულ“ ფაზაშია, რადგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები არცერთ მხარეს ჯერ სრულად არ შეუსრულებია ამის შესახებ Reuters კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრახმან ალ ტანიზე დაყრდნობით იუწყება. კატარის პრემიერმა ამასთან დაკავშირებით დოხაში გამართულ ფორუმზე პანელური დისკუსიის დროს ილაპარაკა.
მისი თქმით, 10 ოქტომბრიდან, როდესაც შეთანხმება ძალაში შევიდა, ძალადობის დონე შემცირდა, თუმცა საბრძოლო მოქმედებები სრულად არ შეწყვეტილა.
კერძოდ, შაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის მიერ ბეით ლაჰიას, ჯაბალიას და ზეითუნის რაიონებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 70 წლის ქალი დრონით თავდასხმას ემსხვერპლა.
ამავდროულად, ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს სამი მებრძოლის ლიკვიდაციის შესახებ, რომლებმაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით მიღწეული ე.წ. „ყვითელი ხაზი“ გადაკვეთეს.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა უარყვეს მოირიშე დრონების გამოყენების შესახებ ინფორმაცია.
ალ ტანიმ აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ვითარება არ შეიძლება ჩაითვალოს სრულფასოვან ცეცხლის შეწყვეტად.
„ჩვენ გარდამტეხ მომენტში ვიმყოფებით. ჯერ ის არ დამდგარა. რასაც ახლახან მივაღწიეთ, ეს პაუზაა. ჩვენ ამას ცეცხლის შეწყვეტად ვერ მივიჩნევთ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელის ჯარების სრული გასვლის გარეშე ვერ იქნება მიღწეული. ვიდრე ღაზაში სტაბილურობა არ აღდგება, ხალხი ვერ შეძლებს შესვლას და გასვლას, რაც დღეს არ ხდება,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ორწლიანი ომის დასრულების გეგმის განსახორციელებლად. გეგმა ითვალისწინებს ღაზაში დროებითი ტექნოკრატიული მთავრობის შექმნას, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს საერთაშორისო „მშვიდობის საბჭო“ და მხარს დაუჭერენ საერთაშორისო უსაფრთხოების ძალები. ამ ძალების შემადგენლობისა და მანდატის საკითხი ერთ-ერთ ყველაზე რთულ საკითხად რჩება.
კაიროში ისრაელის დელეგაცია ბოლო მძევლის დაბრუნებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რაც შეთანხმების პირველი ფაზის დასრულებას უნდა ნიშნავდეს. ცეცხლის შეწყვეტის დაწყებიდან მოყოლებული, ჰამასმა ისრაელში გასამართლებული დაახლოებით 2 000 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ 20 ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა და ისრაელს 27 ცხედარი გადასცა.
ისრაელმა ასევე გამოაცხადა მზადყოფნა, გახსნას რაფის გადასასვლელი ეგვიპტეში ბოლო მძევლის ცხედრის დაბრუნების შემდეგ.