კომპანია "აგრო ინვესტ სერვისი" ქობულეთში მარცვლეულის ამღებ კომბინატს და მოტობლოკების საამწყობო საწარმოს ააშენებს, ასეთი ვალდებულებით კომპანიამ აჭარის მთავრობიდან ქობულეთში მდებარე ძველი შენობა-ნაგებობა შეიძინა.
ქობულეთში, დაბა ჩაქვში, შენობა-ნაგებობა (2 176,4 კვ.მ) და მასზე დამაგრებული მიწის (19 046 კვ.მ) ნაკვეთ, განმეორებით აუქციონზე, კომპანია "აგრო ინვესტ სერვისმა" 155 ათას ლარად შეიძინა. ობიექტის საწყისი ღირებულება 150 ათას ლარს შეადგენდა.
აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია საბოლოო თანხა 2011 წლის 25 დეკემბრამდე გადაიხადოს. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 7 თებერვლისთვისაა დანიშნული.
მყიდველი ვალდებულია ასევე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში შექმნას და ექსპლუატაციაში შეიყვანოს მარცვლეულის ამღები კომბაინის და მოტობლოკების საამწყობო საწარმო. საწარმოში
პირველი ეტაპისათვის საქართველოს მინიმუმ 20 მოქალაქე დასაქმდება. აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორი საწარმოში 200 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
იმავდროულად მყიდველი ვალდებულია 2012 წლის 25 დეკემბრამდე საწარმოში ინვესტიციის ოდენობა 1 მლნ. ლარამდე გაზარდოს, ხოლო ინვესტიცის ზრდასთან ერთად კი საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა 35-მდე გაზარდოს.
აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია 2012 წლის 25 დეკემბრამდე გადაიხადოს ყოფილი "ავტოსატრანსპორტო საწარმოს" საგადასახადო დავალიანება (გირავნობა) რომელიც 12.01.2011 წლის მდგომარეობით 56 512 ლარს შეადგენს და რომელსაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავი ერიცხება.