მავნებლური და უმძიმესი დანაშაულები ვიხილეთ, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა, სასამართლოს გადაწვა. რევოლუციური სცენარები ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელებაა.
„მავნებლური და უმძიმესი დანაშაული ვიხილეთ. ფაქტია, პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა, სასამართლოს გადაწვა და პროვოკაციული რევოლუციური სცენარები არის ქმედებები, რაც „ქართული ოცნებისთვის“ ხელსაყრელია, ჩვენს მტრებს ახარებს. მსგავსი ტიპის დანაშაულები და ქმედებები ხელსაყრელია „ქართული ოცნების“ პროპაგანდისთვის. ჩვენთვის ეს მიუღებელია. ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ ქვეყანაში მთავარი პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელებაა“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.