ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კვირას განაცხადა, რომ უკრაინის ევროპელი მოკავშირეები შეთანხმდნენ ძირითად პრინციპებზე, რომლებიც უკრაინისთვის ნებისმიერი „სამშვიდობო გეგმის“ საფუძველი უნდა იყოს.
ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინისთვის ნებისმიერმა სანდო და მდგრადმა სამშვიდობო გეგმამ „პირველ რიგში უნდა შეწყვიტოს მკვლელობები და დაასრულოს ომი მომავალი კონფლიქტის დათესვის გარეშე“.
მან დასძინა, რომ ასეთი გეგმის პირველი მთავარი ელემენტი უნდა იყოს საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის დაუშვებლობა.
„მეორეც, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, უკრაინას არ შეიძლება ჰქონდეს შეზღუდვები თავის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას მომავალი თავდასხმების მიმართ დაუცველს გახდის და ამით ევროპულ უსაფრთხოებას შეარყევს“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
ფონ დერ ლაიენის მიერ ნახსენები მესამე პრინციპის თანახმად, „ევროკავშირის ცენტრალური როლი უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფაში სრულად უნდა აისახოს“.
„უკრაინას უნდა ჰქონდეს თავისუფლება და სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი მომავალი. მან ევროპული მომავალი აირჩია. ეს იწყება ქვეყნის აღდგენით, მისი ჩვენს ერთიან ბაზარზე და ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში ინტეგრაციით და საბოლოოდ ჩვენს კავშირში გაწევრიანებით“, - თქვა მან.
ცალკე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა „რუსეთის მიერ გატაცებული ყველა უკრაინელი ბავშვის დაბრუნების“ აუცილებლობას.
„რუსეთის ომის მიერ გამოწვეული ყველა საშინელებიდან არცერთი არ არის ისეთი მტკივნეული, როგორც ეს. რუსეთში ათიათასობით ბიჭი და გოგონა ტყვეობაში რჩება. ისინი შეშინებულები არიან და ენატრებათ საყვარელი ადამიანები. ეს ბავშვები გლობალური დღის წესრიგის სათავეში უნდა დავაყენოთ“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.