ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული წესები დაამტკიცა.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი საშუალებას მისცემს ბრიუსელს, უფრო სწრაფი და გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს იმ სიტუაციებზე, როდესაც უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება ხდება ან ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს.
საბჭოს განცხადების თანახმად, „შესწორებული წესები ევროკავშირს საშუალებას მისცემს, რომ უფრო სწრაფად და მტკიცედ იმოქმედოს, როდესაც უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება ხდება ან ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება“.
„ახალი წესები როდესაც შევა ძალაში, ევროკავშირს შეეძლება, გააუქმოს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყნებთან, თუ ეს სახელმწიფო არ შეესაბამება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას. ამას გარდა, ევროკავშირს შეეძლება ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, თუ ამა თუ იმ ქვეყანას ექნება მოქალაქეობის ინვესტორებისთვის მინიჭების პროგრამა; უვიზო მიმოსვლა გაუქმდება, თუ მესამე ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობები გაუარესდება, მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში“, – ნათქვამია პრესრელიზში.
მექანიზმი უვიზო მიმოსვლის საწყისი შეჩერების 12 თვემდე გაზრდას ითვალისწინებს, ამჟამად მოქმედი 9 თვის ნაცვლად. ასევე, შეიძლება, საწყისი შეჩერების პერიოდი დამატებით 24 თვით გაიზარდოს.
ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით მიზანმიმართულ მიდგომას ითვალისწინებს.
„მაშინ, როდესაც საწყისი პერიოდის გახანგრძლივების შემთხვევაში უვიზო რეჟიმის შეჩერება ქვეყნის ყველა მოქალაქეს ეხება, ახალი წესების თანახმად, დამატებითი 24-თვიანი შეჩერების ეტაპი მთელ მოსახლეობაზე არ გავრცელდება. ნაცვლად ამისა, ევროკავშირმა შეიძლება ზომების გამოყენება მთავრობის ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ გააგრძელოს“, - ნათქვამია განცხადებაში.