უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთთან ომში გამარჯვების „შანსი“ არ აქვს და ევროკავშირისგან შემდგომი ფინანსური დახმარება „უბრალოდ სიგიჟეა“, რომელიც ევროკავშირს „კლავს“. იუწყება Politico
ორბანის თქმით, უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერა „ეკონომიკურად და ფინანსურად კლავს“ ევროკავშირს და „უბრალოდ სიგიჟეა“.
„ჩვენ უკვე დავწვით 185 მილიარდი ევრო და... კიდევ უფრო მეტს დავხარჯავთ. ამ გზით ჩვენ ვაფინანსებთ ქვეყანას, რომელსაც ომის მოგების შანსი არ აქვს“, - განაცხადა ორბანმა.
მან ევროპელი ლიდერები ომის განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულა, რომლებიც მომავალი სამშვიდობო შეთანხმებისთვის უკეთესი მოლაპარაკების პოზიციის მოპოვებას ცდილობენ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს მიდგომა არასწორია.
„სიტუაცია და დრო რუსებისთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ჩვენთვის. ამის გაგრძელებას აზრი არ აქვს; შეწყვიტეთ ეს რაც შეიძლება სწრაფად“, - თქვა ორბანმა.
შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ორბანმა განაცხადა, რომ ის „რუსეთსა და ამერიკელებს შორის ომის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და სხვა საკითხებზე შეთანხმებას“ ელოდება.
მან ასევე მოუწოდა ევროპას, „გახსნას რუსეთთან კომუნიკაციის დამოუკიდებელი არხი“ და აწარმოოს პარალელური მოლაპარაკებები, რათა საბოლოოდ „გაერთიანდეს ამერიკელებისა და ევროპელების პოზიცია“.
მან აღნიშნა, რომ თუ „სასწაული“ არ მოხდება, რუსეთი ომის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას.
„ეს რეალობაა, მოგწონთ ეს თუ არა“, - თქვა ორბანმა.