ამერიკის შეერთებული შტატები უარყოფს ევროკავშირის ქვეყნების კრიტიკას კარიბის ზღვის აუზში ამერიკული დარტყმების კანონიერებასთან დაკავშირებით; ვაშინგტონი თავად წყვეტს, თუ როგორ დაიცვას ეროვნული უსაფრთხოება.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ G7-ის წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მე არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირს აქვს უფლება, განსაზღვროს საერთაშორისო სამართალი. და მათ ნამდვილად არ აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, თუ როგორ უნდა დაიცვას შეერთებულმა შტატებმა თავისი ეროვნული უსაფრთხოება“, - თქვა რუბიომ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ორგანიზებული ნარკოკარტელები შეერთებულ შტატებს ესხმიან თავს“ და ქვეყანა თავს იცავს.
„საინტერესოდ მიმაჩნია ის, რომ ყველა ქვეყანას სურს ამერიკისგან „ტომოჰავკის“ ტიპის რაკეტების შეძენა, თუმცა როდესაც ამერიკა საკუთარი გავლენის რეგიონში ავიამზიდს აგზავნის, ეს უეცრად პრობლემა ხდება“, - განაცხადა რუბიომ.
შეგახსენებთ,. მანამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ნოელ ბარომ განაცხადა, რომ კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის სამხედრო ოპერაციები საერთაშორისო სამართალს არღვევს.
ცნობისათვის, ვაშინგტონმა კარიბის ზღვის აუზსა და წყნარი ოკეანის სანაპიროებთან, გემებზე დარტყმა არაერთხელ მიიტანა და თავდასხმების მიზეზად ნარკოტიკებთან ბრძოლა დაასახელა. დარტყმების შედეგად ჯამში 76 ადამიანი დაიღუპა.