„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, მიიჩნევენ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების საწყის წერტილად ამჟამინდელი ფრონტის ხაზი უნდა იქცეს.
ამის შესახებ ნათქვამია დიდი შვიდეულის მინისტრების განცხადებაში კანადაში გამართული შეხვედრის შემდეგ.
კერძოდ, „დიდი შვიდეულის“ უმაღლესმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა მისი ტერიტორიული მთლიანობისა და არსებობის უფლების, ასევე მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ცეცხლის შეწყვეტის დაუყოვნებლივ აუცილებლობას. ჩვენ შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებების საწყისი წერტილი ამჟამინდელი შეხების ხაზი უნდა იყოს. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით იმ პრინციპისა, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, როგორც G7-ის წამყვანმა დიპლომატებმა აღნიშნეს, მათი ქვეყნები ზრდიან ეკონომიკურ ხარჯებს რუსეთზე და იკვლევენ იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ ზომების მიღების შესაძლებლობას, რომლებიც მის სამხედრო ძალისხმევას აფინანსებენ.
„ჩვენ დავგმეთ ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკისა და ირანის მიერ რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, ასევე ჩინეთის მიერ იარაღისა და ორმაგი დანიშნულების კომპონენტების მიწოდება, რაც რუსეთის ომის ხელშეწყობისთვის გადამწყვეტი ფაქტორი გახდა,“ - აღნიშნულია განცახდებაში.
დიპლომატებმა ასევე ისაუბრეს დაფინანსების ფართო სპექტრის ვარიანტებზე მიმდინარე განხილვებზე, მათ შორის უკრაინის მხარდასაჭერად მათ იურისდიქციებში გაყინული რუსული სუვერენული აქტივების შემდგომ კოორდინირებულ გამოყენებაზე.
„ჩვენ მკაცრად დავგმეთ რუსეთის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლო დროს განხორციელებული პირდაპირი თავდასხმები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.