მექსიკის ქალაქ ერმოსილიოში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები, დაშავდა ათობით ადამიანი. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ტრაგედია მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციული დღესასწაულის, მიცვალებულთა დღის აღნიშვნის დროს მოხდა.
გუბერნატორმა ალფონსო დურაზომ განაცხადა, რომ მან ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად სრული და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება ბრძანა.
მისი თქმით, დაღუპულთა უმეტესობა ტოქსიკური კვამლით გაგუდვის შედეგად გარდაიცვალა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ხანძრის გაჩენის შესაძლო მიზეზად მოკლე ჩართვა განიხილება, მიზანმიმართული თავდასხმა გამოირიცხა. ხანძრის ქრობაში 40-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა, მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების 10 მანქანა.