სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ვაშინგტონს ეწვევა. ეს სირიის სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტი იქნება ამერიკის დედაქალაქში.
Reuters წერს, რომ ვიზიტი, სავარაუდოდ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შედგება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შედგენილი უცხოელი ლიდერების ვიზიტების სიის მიხედვით, სირიის არცერთი წინა პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონს არ სწვევია.
სექტემბერში შარაამ სიტყვით მიმართა გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ნიუ იორკში.
გასული წლის დეკემბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, შარაამ არაერთი ვიზიტი განახორციელა, რადგან გარდამავალი მთავრობა ცდილობს აღადგინოს სირიის კავშირები მსოფლიო ძალებთან, რომლებიც ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს დამასკოსთან არ ურთიერთობდნენ.
ბარაკმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ცდილობს სირია ჩართოს კოალიციაში, რომელსაც ის 2014 წლიდან ხელმძღვანელობს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც სირიისა და ერაყის დაახლოებით მესამედს აკონტროლებდა 2014-2017 წლებში.
ალ-შარაა ერთ დროს „ალ-ქაიდას“ სირიის შტოს ხელმძღვანელობდა, თუმცა მისი ასადტთან დაპირისპირებული მეამბოხეთა დაჯგუფება ათი წლის წინ ოსამა ბინ ლადენის მიერ დაარსებულ ქსელს გამოეყო და მოგვიანებით „ისლამური სახელმწიფოს“ მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადავიდა.
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით და მისმა ადგილობრივმა პარტნიორებმა 2019 წელს „ისლამური სახელმწიფო“ სირიაში მისი ბოლო დასაყრდენიდან განდევნეს.
წყაროებმა ივნისში Reuters-ს განუცხადეს, რომ დაჯგუფება ცდილობდს ასადის რეჟიმის დამხობით ისარგებლოს და სირიასა და მეზობელ ერაყში დაბრუნდეს.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, სირია და ისრაელი მოლაპარაკებებს აწარმოებენ შეთანხმებაზე, რომელიც, როგორც დამასკო იმედოვნებს, უზრუნველყოფს ისრაელის საჰაერო დარტყმების შეწყვეტას და ჯარების გაყვანას.
ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში ერთმანეთის მოწინააღმდეგეები იყვნენ. ასადის დამხობის მიუხედავად, ორ დედაქალაქს შორის ტერიტორიული დავები და ღრმა პოლიტიკური უნდობლობა კვლავ არსებობს.
წყაროს ცნობით, აშშ დაჟინებით მოითხოვს ისრაელთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების დადებას შარაას ვაშინგტონში ვიზიტამდე.