პოკროვსკში, წარმატებული კონტრშეტევების შედეგად, უკრაინის ძალებმა ქალაქის რამდენიმე კვარტალში ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესება მოახერხეს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე ჯარების მე-7 სწრაფი რეაგირების კორპუსის განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ ვზრდით პოკროვსკში მოიერიშე ჯგუფების რაოდენობას, პირადი შემადგენლობის გადაადგილების დივერსიფიცირებული მეთოდების გამოყენებით. ამავდროულად, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მუშაობენ მტრის ლოჯისტიკის დაბლოკვისა და მათთვის შემდგომი კავშირის გაწყვეტაზე“, - განაცხადეს დანაყოფში.
მათ ასევე განაცხადეს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ქალაქში 85 რუსი სამხედრო დაიღუპა, ოქტომბერში კი, საჰდესანტო-მოიერიშე ძალების მე-7 კორპუსის პასუხისმგებლობის არეალში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა 1320 რუსი სამხედრო გაანადგურეს.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა პოკროვსკის რაიონში წარმატებით განახორციელეს პარაშუტის გარეშე დაშვება.
„ეს იყო რთული ოპერაცია, რომელიც მოითხოვდა თავდაცვის ძალების სხვადასხვა ნაწილის კოორდინირებულ მოქმედებას. მტრის მხრიდან უშუალო საფრთხის წინაშე, აუცილებელი იყო ყველა პირობის შექმნა ბორტის უსაფრთხო გადაადგილებისა და პირადი შემადგენლობის დაშვებისთვის“, - აღნიშნულია მე-7 სადესანტო-მოიერიშე კორპუსის განცხადებაში.