ლუვრის მუზეუმის ძარცვასთან დაკავშირებით ოთხშაბათს საღამოს ხუთი დაკავებულიდან ორ ადამიანს შაბათს ოფიციალურად ბრალი წაუყენეს, დანარჩენი სამი კი გაათავისუფლეს. ინფორმაციას France-Presse წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრალდებულებს შორისაა 38 წლის ქალი, რომელსაც ბრალი ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობაში თანამონაწილეობასა და დანაშაულის ჩადენის მიზნით კრიმინალურ ჯგუფში მონაწილეობაში. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
შაბათს დილით პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმე სასამართლოს გადაეცა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენი პირი იყო საქმეში ჩართული, იმ დროს, როცა ოთხშაბათს ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს.
ამ ხუთი პირის დაკავება ერთი კვირის წინ ორი ადამიანის დაპატიმრებას მოჰყვა.
ისინი ეჭვმიტანილები არიან ოთხკაციანი ჯგუფის წევრობაში, რომელმაც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული.
34 და 39 წლის პირებს, ოფიციალურად ბრალი წაუყენეს და ოთხშაბათს საღამოს დააკავეს.
39 წლის კაცი, რომელიც ადრე 2008 და 2014 წლებში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობისთვის იყო გასამართლებული, სასამართლოს წინაშე 5 ნოემბერს წარდგება 2019 წელს პოლიციის განყოფილებაში ჩადენილი ქონების დაზიანებისთვის.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს, დილით ლუვრის მუზეუმში ძარცვა მოხდა. რამდენიმე ნიღბიანმა პირმა ნაპოლეონის კოლექციიდან სამკაულები მოიპარა. ძარცვა მხოლოდ შვიდ წუთს გაგრძელდა. სამკაულების ღირებულება 88 მილიონ ევრომდე იყო.
მუზეუმიდან მოპარული სამკაულები ჯერჯერობით აღმოჩენილი არ არის.