დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ის ძმას, პრინც ენდრიუს, ტიტული ჩამოერთმევა და სამეფო სასახლეს დატოვებს. ამის შესახებ  ნათქვამია ბუკინგემის განცხადებაში. იუწყება CNN
განცხადების თანახმად, ამიერიდან პრინცი ენდრიუ ცნობილი იქნება, როგორც ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი.
„მისმა უდიდებულესობამ დღეს დაიწყო ოფიციალური პროცესი პრინცი ენდრიუს ტიტულების, ჯილდოებისა და წოდებების ჩამორთმევის შესახებ“, - ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.
სასახლის ადმინისტრაციაში განაცხადეს: „პრინც ენდრიუს ოფიციალური შეტყობინება მიეცა იჯარის შეწყვეტის შესახებ და ახლა ის ალტერნატიულ კერძო საცხოვრებელში გადავა. ეს ზომები საჭირო გახდა, იმის გათვალისწინებით, რომ იგი კვლავ უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს,“ - აღნიშნულია განცახდებაში.
ბოლო კვირების განმავლობაში ენდრიუ მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცა ამერიკელ მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო.
ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგისთვის ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ბრალის თანახმად, მან ათობით არასრულწლოვანი გოგო სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართო. ეპშტეინი ციხეში გარდაიცვალა, ოფიციალური ინფორმაციით, მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
ამ კვირაში ენდრიუსა და ეპშტეინის ურთიერთობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
გაირკვა, რომ პრინცმა ენდრიუმ 2006 წელს, პრინცესა ბეატრისის 18 წლის იუბილეს აღნიშვნის დროს, თავის Royal Lodge-ში უმასპინძლა ეპშტეინს, მის შეყვარებულს, გისლენ მაქსველს და ამერიკელ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს (რომელიც მოგვიანებით სექსუალური დანაშაულისთვის იქნა გასამართლებული).
ენდრიუ მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.