უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა აცხადებს, რომ მოსკოვის უარყოფის მიუხედავად, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები მისთვის მტკივნეული დარტყმაა.
სიბიჰა აცხადებს, რომ მიმდინარე კვირა ახალი ფაზა იყო რუსეთის მშვიდობისკენ იძულების გზაზე, ვინაიდან ევროკავშირმა ძლიერი სანქციების მე-19 პაკეტი შეათანხმა, რომელიც რუსეთის ენერგეტიკას, ჩრდილოვან ფლოტსა და სანქციების გვერდის ავლის გზებს ურტყამს. ასევე, პირველი სანქციები გამოიყენა ტრამპის ადმინისტრაციამაც, რომელმაც რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანიები - “როსნეფტი” და “ლუკოილი” დაასანქცირა.
“თვალსაჩინოა, რომ რუსები ეგრევე გაიქცნენ იმის მოსაყოლად, რომ სანქციები არ ადარდებთ. პუტინი ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკას ყველაფერი კარგად აქვს. მისი პროპაგანდისტები მანტრებს იმეორებენ იმის თაობაზე, რომ სანქციები არაფერზე არ მოქმედებს. რაც უფრო მეტია ესეთი ბრავადა, მით უფრო ცხადია, რომ ყველაფერი დიამეტრალურად საპირისპიროდაა,” - წერს სიბიჰა.
მისი აზრით, ტრამპის მეორე ვადის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის პირველი სანქციები „მნიშვნელოვან სტრატეგიულ ხაზს ავლებდა“ და რუსეთის ხელმძღვანელობამ იმედი უნდა დაკარგოს დასავლეთის სისუსტის ან აშშ-ს მოტყუების შესაძლებლობის მიმართ.
„რუსეთი მთელი წლის განმავლობაში იმედოვნებდა, რომ უკრაინა დაკარგავდა პარტნიორების მხარდაჭერას ან იძულებული გახდებოდა, მიეღო რუსეთის პირობები, რომლებიც კაპიტულაციასთან იყო ახლოს. მსგავსი არაფერი მომხდარა“, – წერს ანდრიი სიბიჰა.