აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოამზადა დამატებითი სანქციები, რომლებიც შესაძლოა რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებზე გავრცელდეს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორი წყაროს ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ევროპელ კოლეგებს განუცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას კიევისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად და რომ ვაშინგტონმა წინასწარი შიდა მოლაპარაკებები გამართა შეერთებულ შტატებში განთავსებული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განცხადებით, ისურვებდა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი დიდი ნაბიჯები გადადგან, რაც შეიძლება დამატებით სანქციებს ან ტარიფებს მოიცავდეს.
კიდევ ერთი წყაროს თქმით, ტრამპი, სავარაუდოდ, რამდენიმეკვირიან პაუზასგააკეთებს, რათა შეაფასოს რუსეთის რეაქცია ნავთობკომპანიების, „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებაზე.
საკითხთან დაკავშირებული წყაროების ცნობით, აშშ-ს მიერ მომზადებული დამატებითი სანქციების ნაწილი რუსეთის საბანკო სექტორსა და ბაზრისთვის ნავთობის მიწოდებისთვის გამოყენებულ ინფრასტრუქტურას ეხება.
ერთ-ერთი მათგანის თანახმად, გასულ კვირას უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა აშშ-ს ახალი სანქციები შესთავაზეს.
კონკრეტულ წინადადებებს შორის იყო ზომები, რომლებიც ამერიკელ პარტნიორებთან დოლარის სისტემიდან ყველა რუსული ბანკის გათიშვას ითვალისწინებდა.
აშშ-ის სენატიც დგამს ნაბიჯებს, ზოგიერთი კანონმდებელი კი აახლებს ძალისხმევას დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ორპარტიული სანქციების შესახებ კანონპროექტის მისაღებად.
წყარომ ასევე განაცხადა, რომ ტრამპი მზადაა მხარი დაუჭიროს პაკეტს. თუმცა, წყარომ აღნიშნა, რომ ასეთი მხარდაჭერა მიმდინარე თვეში ნაკლებად სავარაუდოა.