რუსი ოკუპანტები ხარკოვს უტევენ - ქალაქში სულ მცირე სამი აფეთქება მოხდა, დაზიანდა კერძო საბავშვო ბაღი და დაშავდნენ ბავშვები. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი და ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეგუბოვი ავრცელებენ.
„დარტყმა მოხდა ხოლოდნოჰირსკის რაიონში კერძო საბავშვო ბაღზე. ბავშვები დაშავდნენ. დარტყმის ადგილზე ხანძარი გაჩნდა,“ - წერს ტერეხოვი.
მერის თქმით, წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა შეტევა „შაჰედის“ ტიპის დრონებით განახორციელეს.
„საბავშვო ბაღიდან ყველა ბავშვი ევაკუირებულია. ხანძარი გრძელდება“, - განაცხადა ტერეხოვმა.
ოლეჰ სინეგუბოვმა განმარტა, რომ მტრის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
„მათგან სულ მცირე ორი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილზე მედიკოსები მუშაობენ“, - აღნიშნა სინეგუბოვმა.
სინეგუბოვმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მტრის თავდასხმის შედეგად 40 წლის კაცი დაიღუპა. ამჟამად ცნობილია ხუთი დაშავებულის შესახებ.