რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ საწვრთნელ პოლიგონზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს.
უკრაინული მედია ოპეარტიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ მიღებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, მსხვერპლის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.
აღნიშნულია, რომ დღეს დილით, უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული შეტევის დროს, რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ერთ-ერთი სასწავლო დანაყოფის ტერიტორია ორი ბალისტიკური რაკეტით დაბომბეს.
როგორც იუწყებიან, ეს დანაყოფი ქვეყნის შედარებით მშვიდ ნაწილში მდებარეობს.
„მტრის დარტყმის გამო, გაფრთხილებების, თავშესაფრისა და სხვა უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, მსხვერპლის თავიდან აცილება შეუძლებელი გახდა. ადგილზე შესაბამისი საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაჭრილებს დროულად უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის გადაწყვეტილებით, სამხედრო სამართალდამცავმა სამსახურმა ამ ინციდენტთან დაკავშირებით შიდა გამოძიება დაიწყო.