ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საჰაერო სივრცის მრავალრიცხოვანი დარღვევები ჰიბრიდულ ომს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირის გახლეჩვასა და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას ისახავს მიზნად.
„ჩვენს საჰაერო სივრცეში ბოლო დროს მომხდარი შეჭრა მზარდი საფრთხის ნაწილია. დროა, ყველაფერს თავისი სახელით ვუწოდოთ.
ეს ჰიბრიდული ომია. ევროპას უნდა შეეძლოს რეაგირება და ჩვენი საჰაერო სივრცის დაცვა“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ოთხშაბათს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მან პირდაპირ დაასახელა რუსეთი ამ კამპანიის ინიციატორად.
„რუსეთს უთანხმოების დათესვა სურს. ჩვენ ერთიანობით ვპასუხობთ. სწორედ იტალიელი პილოტები აცილებდნენ რუსულ თვითმფრინავებს ესტონეთის ციდან ნატო-ს საჰაერო საპოლიციო მისიის ფარგლებში. უკრაინელი ექსპერტები ფრონტის ხაზზე თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ წევრ სახელმწიფოებს, რათა დაეხმარონ დრონების შემოჭრასთან ბრძოლაში“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოაცხადა ევროკავშირის თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა 800 მილიარდ ევრომდე, „მზადყოფნა 2030“ სტრატეგიის ფარგლებში, რომლის გეგმასაც ევროკომისია მალე წარადგენს.
ფონ დერ ლაიენმა ასევე ისაუბრა პროექტის ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა „დრონების კედელი“.
„ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც ხელმისაწვდომი და გამოსაყენებელია. მას შეუძლია სწრაფად აღმოაჩინოს, სწრაფად ჩაჭრას და, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად გაანეიტრალოს. ჩვენ აქ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი უკრაინისგან, როგორც შესაძლებლობების, ასევე, რაც მთავარია, მათი სწრაფი ინოვაციების ეკოსისტემის თვალსაზრისით. და უკრაინა მზადაა მხარი დაუჭიროს ჩვენს ძალისხმევას“, - აღნიშნა მან.