რუსეთის პერმის ოლქის გუბერნატორმა, დმიტრი მახონინმა პარასკევს დილით დაადასტურა, რომ უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ქალაქ ბერეზნიკს, სადაც მდებარეობს „აზოტის“ ქარხანა, რომელიც ამონიუმის ნიტრატს და სხვა ქიმიკატებს აწარმოებს. გუბერნატორის მტკიცებით, ამ მომენტისთვის ქარხანა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
პერმის ოლქის გუბერნატორ დმიტრი მახონინის ტელეგრამ-არხზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად „აზოტში“ იყო „ტექნოლოგიური ციკლის ხანმოკლე შეჩერება“ და ქალაქ ბერეზნიკში დაზიანდა ორბინიანი სახლიც. გუბერნატორის თანახმად, მსხვერპლი არ არის.
მანამდე, ჯერ კიდევ 2 ოქტომბერს, საღამოს რვა საათის შემდეგ, რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობები, რომ ბერეზნიკის ქარხანაში ორი ძლიერი აფეთქება იყო.
ბერეზნიკი უკრაინის საზღვრიდან 1500 კილომეტრითაა დაშორებული. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბს პერმის ოლქის ამ ობიექტზე შეტევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.