დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ გადამწყვეტი როლი ითამაშა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დარწმუნებაში, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგება.
როგორც წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა The Telegraph იუწყება, დიდ ბრიტანეთში ტრამპის ბოლო ვიზიტის დროს მეფესთან პირადი მოლაპარაკებები „ძალიან მნიშვნელოვანი“ იყო.
დიპლომატიური წყაროები ვარაუდობენ, რომ შემთხვევითი არ არის, რომ ტრამპის გადაწყვეტილება მეფესთან საუბრის შემდეგ ასე მალე შეიცვალა.
წყაროების ცნობით, მონარქმა უკრაინაზე აშშ-ის პრეზიდენტთან ვიზიტის დროს პირად შეხვედრებზე ისაუბრა.
მეფემ დონალდ და მელანია ტრამპებს უინძორის ციხესიმაგრეში უმასპინძლა, მათთან ერთად სადილი და ვახშამი მიირთვა და ღონისძიებების დღესაც თან ახლდა.
სახელმწიფო ბანკეტზე გამოსვლისას მან ერთხელ ახსენა უკრაინა. პრეზიდენტისადმი მიმართვისას მან განაცხადა:
„ჩვენი ქვეყნები ინარჩუნებენ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობებს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის სფეროში, რაც კი ოდესმე ცნობილა.
ორ მსოფლიო ომში ჩვენ ერთად ვიბრძოდით ტირანიისდასამარცხებლად. დღეს, როდესაც ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ერთად ვდგავართ უკრაინის გვერდით, რათა შევაჩეროთ აგრესია და უზრუნველვყოთ მშვიდობა.“
„ტრამპი, ანგლოფილი და სამეფო ოჯახის თაყვანისმცემელი, აღფრთოვანებული იყო მეფის მიერ მისთვის გამოვლენილი სტუმართმოყვარეობით და ვახშამზე გამოსვლისას ჩარლზ III-ს „ძალიან, ძალიან განსაკუთრებული ადამიანი“ უწოდა“, - წერს გამოცემა.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ დიპლომატიური წყაროების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ევროპელი კოლეგები დაარწმუნა, რომ ტრამპის მიერ უკრაინის მიმართ რიტორიკის შეცვლა „მაქსიმალურად დადებითად“ უნდა შეფასდეს.