აშშ-ს ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ (NORAD) განაცხადა, რომ 24 სექტემბერს ალასკის სიახლოვეს მფრინავი ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავის იდენტიფიცირებისა და მათთვის გზის ჩაჭრის მიზნით აშშ-მა ავიაგამანადგურებლები ააფრინა.
ჩრდილოეთ ამერიკის საჰერო სივრცის დაცვის სარდლობის (NORAD) ცნობით ეს მესამე შემთხვევაა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. სულ წელს ცხრა მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.
NORAD-მა განაცხადა, რომ ალასკის საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონაში ორი Tu-95 და ორი Su-35 აღმოაჩინა და თვალყური ადევნა. რუსული თვითმფრინავები საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დარჩნენ და არ შესულან ამერიკის ან კანადის სუვერენულ საჰაერო სივრცეში. ალასკის მახლობლად რუსული ასეთი აქტივობა რეგულარულად ხდება და საფრთხედ არ აღიქმება.
რუსული სამხედრო თვითმფრინავები ADIZ-ში ერთი თვის წინაც გამოჩნდნენ, რის პასუხადაც აშშ-მ, ბოლო შემთხვევის მსგავსად, ავიაგამანადგურებლები ააფრინა მათი ჩაჭრის მიზნით.