ისრაელის ელჩმა გაერო-ში, დენი დანონმა განაცხადა, რომ ღაზაში ომი გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ყველა მძევალი არ გათავისუფლდება და „ჰამასი“ სრულად არ განადგურდება.
მან ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის განხილვის ინიციატივას „რეალობისგან მოწყვეტილი თეატრი“ უწოდა.
„რამდენიმე წუთში ჩვენ ვიხილავთ თეატრს, როდესაც პრეზიდენტი მაკრონი და მისი კოლეგები ე.წ. კონფერენციაზე შეიკრიბებიან. ეს თეატრია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ის რეალობას მოწყვეტილია“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
განადგურებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ისრაელს ეკისრება.
„დღეს ბევრი ლიდერი ისაუბრებს ღაზის მომავალზე. როდესაც „ჰამასი“ აღარ იქნება ღაზის ნაწილი... მაგრამ მე მათ ვეკითხები, ვინ გააკეთებს ამას, ვინ უზრუნველყოფს რეალურად, რომ „ჰამასი“ ღაზის ნაწილი არ იყოს? პასუხისმგებლობა ჩვენს მხრებზეა“, - თქვა დანონმა.
დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის ურყევი პოზიცია სამხედრო ოპერაციის მიზნებთან დაკავშირებით.
„ისრაელი ვალდებულია გააგრძელოს ეს ომი მანამდე ვიდრე, ყველა მძევალს არ დავაბრუნებთ და „ჰამასი“ სრულად არ იქნება თამაშიდან გამოთიშული. შემდეგ შეგვიძლია მომავალზე ვისაუბროთ. მანამდე არა,“ - განაცხადა ელჩმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, აღიარებს თუ არა ისრაელი ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტას, დანონმა განაცხადა, რომ „7 ოქტომბრამდე ისრაელში ამ საკითხზე დისკუსია მიმდინარეობდა... ახლა ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოღებულია“.