22 სექტემბერს მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის დროს 74 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზების მომზადებაში. მედიის ცნობით, აღნიშნული პირები მომზადებას სერბეთში გადიოდნენ.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპერაციის უკან რუსეთის სადაზვერვო სამსახურები დგანან და რომ ეჭვმიტანილები დაკავშირებული არიან როგორც მოლდოვურ პარტიებთან, ასევე კრიმინალურ დაჯგუფებებთან.
სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, გამოძიება მასობრივი არეულობის მომზადებასთან დაკავშირებით 2025 წლის ივლისში დაიწყო.
ამ პერიოდში შესაძლებელი გახდა იმ პირთა ჯგუფის საქმიანობის იდენტიფიცირება, რომლებიც სისტემატურად მიდიოდნენ სერბეთში ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად.
კერძოდ, მათ სერბეთში გაიარეს წვრთნა ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებაში. ამისათვის მონაწილეებმა დაახლოებით 400 ევრო მიიღეს.
პოლიციის უფროსმა ვიორელ ჩერნეუციანუმ განაცხადა, რომ მონაწილეთა უმეტესობას ინსტრუქტაჟს რუსეთის მოქალაქეები უტარებდნენ.
ჩხრეკის შედეგად, ხელისუფლებამ ამოიღო იარაღი, საბრძოლო მასალა, კარვები, შესანიღბი ტანსაცმელი, პასპორტები და სხვა მტკიცებულებები.
დაკავებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.