თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განიხილავს სხვადასხვა თემას, მათ შორის ვაჭრობის, ინვესტიციებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. იუწყება Anadolu.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა „ყოვლისმომცველ სტრატეგიულ ურთიერთობებ“, რომელიც თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის განვითარდა.
„თეთრ სახლში ჩემს პატივცემულ კოლეგასთან და მეგობართან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე, ჩვენ განვიხილავთ საკითხთა მთელ რიგს ჩვენს მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც ჩვენ განვავითარეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული ურთიერთობა, მათ შორის ვაჭრობა, ინვესტიციები და თავდაცვის ინდუსტრია“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ტრამპთან მოლაპარაკებებს უფრო ფართო გეოპოლიტიკური გავლენა ექნება.
„მჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ომებისა და კონფლიქტების დასრულებას გლობალური მშვიდობის ჩვენი საერთო ხედვის ფარგლებში და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას“, - განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 25 სექტემბერს თეთრ სახლში თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უმასპინძლებს.