უკრაინასთან წიაღისეულის შეთანხმების ფარგლებში, აშშ-მა უკრაინაში პირველი ინვესტიცია განახორციელა. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) აშშ-უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდში 75 მილიონი დოლარის ოდენობის პირველი შენატანის შესახებ განაცხადა.
„ეს ფონდის სრული ფუნქციონირების დაწყების პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია და დღეის მდგომარეობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ოპერაციული სამუშაოები დაიწყო“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, თავდაპირველად ყურადღება გამახვილდება ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და კრიტიკული მინერალების სექტორებში არსებულ პროექტებზე.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა 2026 წლის ბოლომდე სამი პროექტის განხორციელებას გეგმავს.
აღნიშნულია, რომ ფონდი თანასწორობის პრინციპზეა აგებული. უკრაინა იმავე ფინანსურ ვალდებულებებს იღებს, რასაც ამერიკული მხარე.
ეს გადაწყვეტილება გზას უხსნის პირველი მასშტაბური პროექტების დაფინანსებას, თანამედროვე საწარმოო ობიექტების, ახალი სამუშაო ადგილების და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნას, რაც გააძლიერებს უკრაინის ეკონომიკასა და უსაფრთხოებას.
„ამ სასტარტო კაპიტალს ჩვენთვის დამატებითი მნიშვნელობა აქვს: ამერიკული ინვესტიციები შეიძლება გახდეს უსაფრთხოების საიმედო გარანტი როგორც უკრაინისთვის, ასევე ჩვენს ქვეყანაში ამერიკული ბიზნესისთვის“, - აღნიშნა სვირიდენკომ.