ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია აცხადებს, რომ მისი მეუღლე 2024 წლის თებერვალში კოლონიაში მოწამლეს.
„2024 წლის თებერვალში ჩვენ მოვახერხეთ ალექსის ბიოლოგიური მასალების მოპოვება, საზღვარგარეთ ტრანსპორტირება და დასავლეთის ერთ-ერთი ქვეყნის ლაბორატორიაში გადატანა.
„რამდენიმე თვის წინ გავიგე, რომ შედეგები მიღებული იყო და ორი ქვეყნის ორმა ლაბორატორიამ დამოუკიდებლად დაასკვნა, რომ ალექსეი მოწამლეს.
„რუსეთის მოქალაქე მოკლეს. მოკლეს რუსეთის ტერიტორიაზე. ყველა მტკიცებულება იქ არის. დასავლეთის ქვეყნებს არ აქვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და წარმართვის სამართლებრივი საფუძველი“,დაწერა კოლონიაში გარდაცვლილი პოლიტიკოსის ქვრივმა Telegram-ზე.
მან მოითხოვა, რომ გასაჯაროვდეს გამოძიების შედეგები იმის შესახებ, თუ ზუსტად რით მოიწამლა ალექსეი ნავალნი.
კვლევების შედეგები არ გამოქვეყნებულა და უცნობია, რომელი ლაბორატორია იყო ეს.
47 წლის რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი არქტიკის კოლონიაში 2024 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა. კრემლი მის სიკვდილთან კავშირს უარყოფს.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. გერმანიაში მას მოწამვლით მკვლელობის მცდელობის გამო მკურნალობდნენ. ოპოზიციონერს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ექსტრემიზმის ბრალდებით.