აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპის ქვეყნებისგან რუსეთის წინააღმდეგ იგივე სანქციებს ელის, რომლებსაც ევროპელები ვაშინგტონისგან მოითხოვენ.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
შეკითხვაზე, რამდენ დროს მისცემდა ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ახალი სანქციების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რუბიომ უპასუხა, რომ ამერიკის პრეზიდენტი არ აპირებს მკაფიო ვადების დაწესებას.
„ყველას კარგად ესმის, თუ რა სახის სანქციები შეიძლება გამოიყენოს შეერთებულმა შტატებმა. გარკვეულ მომენტში, პრეზიდენტმა შეიძლება მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ ის ვადების საჯაროდ განსაზღვრას არ აპირებს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ამავდროულად, რუბიოს თქმით, ამერიკის ადმინისტრაცია ევროპელი მოკავშირეებისგან უფრო აქტიურ ქმედებებს ელის.
კერძოდ, საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც კვლავ აგრძელებენ რუსული პროდუქციის, მათ შორის ნავთობის იმპორტს.
„მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროპამაც იგივე გააკეთოს. ევროპაში ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომლებიც რუსულ პროდუქციას, მათ შორის რუსულ ნავთობს ყიდულობენ. პრეზიდენტმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, რომ თავად დააწესონ ის სანქციები, რომელთა დაწესებასაც ჩვენგან ითხოვენ“, - აღნიშნა რუბიომ.