წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს რთულ და შეზღუდულ გარემოში, სადაც მათ შორის აშკარად იკვეთება სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები, - ამის შესახებ "გახარია -საქართველოსთვის" წევრმა ზაზა თავაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
თავაძის განცხადებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში პარტიის კანდიდატებზე ხორციელდება ზეწოლა, მათ შორის კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაოდან გათავისუფლებითა და ოჯახის წევრებზე ზეწოლით ემუქრებიან.
"როგორც დაგპირდით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენი პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის“ პერმანენტულად მოგაწვდიდით რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. როგორც მოსალოდნელი იყო, წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს რთულ და შეზღუდულ გარემოში, სადაც მათ შორის აშკარად იკვეთება სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები.
შესაბამისად, მოგაწვდით „ოცნების“ რეჟიმის მიერ წინასაარჩევნო გარემოს ყოველმხრივი გაუარესების კონკრეტულ ფაქტებს:
1. ახმეტის მუნიციპალიტეტში ხალწანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე, ბატონ დავით მარგოშვილზე, ხდებოდა „ოცნების“ სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირებისა და სხვა მოქმედი პოლიტიკური ფიგურების მხრიდან ფორსირებული ზეწოლა, კერძოდ, ზეწოლას ახორციელებდნენ, ჩვენი ინფორმაციით, ირაკლი ქადაგიშვილი - ოცნების პარლამენტის დეპუტატი, გიორგი ალადაშვილი - კახეთის მხარის გუბერნატორი, ახმეტის მოქმედი მერი (ასევე, მერობის კანდიდატი) - ალექსი ფიცხელაური. მათი მთავარი მოთხოვნა იყო, მარგოშვილს მოეხსნა საკუთარი კანდიდატურა, რათა უკონკურენტოდ დაეტოვებინა „ოცნების“ კანდიდატი. რაც მან არ გააკეთა. შედეგად, სულ რამდენიმე წუთის წინ ის გაათავისუფლეს სამსახურიდან. ამ საკითხზე, ცხადია, სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ და მივმართავთ შესაბამის უწყებებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი რეაგირების არანაირი იმედი არ გვაქვს. ასევე, მოგახსენებთ, ამ წუთებში წნეხი მიდის ოჯახის წევრებზე, დედაზე, დაზე...
2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ნიგვზიანის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატი გოჩა შავაძე ჩვენს ოფისში გამოცხადდა ლევან კახაძესთან ერთად – პიროვნებასთან, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ წევრის ბესიკ ტაბიძის ნდობით აღჭურვილი პირია. არსებული ინფორმაცია და ჩვენი პარტიის შტაბის განმარტებები, პირდაპირ მიუთითებს ზეწოლაზე ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ბესიკ ტაბიძემ, კახაძის მეშვეობით, მოახდინა ზეწოლა შავაძის ოჯახზე, რის შედეგადაც შავაძემ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა ჩვენი პოლიტიკური ძალიდან.
3. სენაკის მუნიციპალიტეტის, თეკლათის მაჟორიტარულ ოლქშიც დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა. ჩვენი პარტიის კანდიდატი, რომელიც 2021 წლიდან აქტიურად არის ჩართული პარტიის საქმიანობაში და იმავე წელსაც მაჟორიტარობის კანდიდატი გახლდათ, მიმდინარე არჩევნებშიც თავად გამოვიდა ინიციატივით, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ყოფილიყო. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ზეწოლა განხორციელდა, რის შედეგადაც მან საკუთარი ხელით დაწერა განცხადება კანდიდატურის მოხსნის შესახებ. ადგილობრივი შტაბის ცნობით, მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლა განხორციელდა დაუდგენელი პირების მიერ, რომელთა სახელებსა და გვარებს ის არ ასახელებს. მისი თქმით, ისინი სენაკელები არ ყოფილან.
ასევე, მძიმე ზეწოლები ხორციელდებოდა საქართველოს მასშტაბით „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის მერობის კანდიდატებზე, რის გამოც, საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის სრული გადაფარვა ჩვენი მხრიდან ვერ მოხერხდა და მერობის კანდიდატებს პროცესებიდან დისტანცირება მოუხდათ. აღსანიშნავია, რომ მასიური გაყალბების შემთხვევაში, მერობის კანდიდატები იმუნიტეტის გარეშე რჩებიან, რაც მაქსიმალურად ზღუდავს მათ საქმიანობას ნებისმიერი მიმართულებით. სწორედ ამიტომ, მერობის კანდიდატების ნაწილმა უარი განაცხადა „ოცნებასთან“ საარჩევნო კონკურენციაში შესვლაზე.
აქვე, აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ „ოცნების“ რეჟიმის მიერ ტირაჟირებულ პროპაგანდისტულ კამპანიას, ეუთო/ოდირის მისიის ჩეხეთში გაგზავნასა და ანალოგიური მისიის საქართველოში არჩამოსვლის ფაქტზე.
საერთაშორისო საზოგადოებისათვის კარგად ცნობილია „ოცნების“ მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საფუძველზე, საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციურად მიტაცება, რასაც ჩეხეთის შემთხვევაში მინიმუმ ბოლო 100 წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. საქართველოში სასამართლო ხელისუფლება მიტაცებულია რეჟიმისა და მისი მსახურების მიერ და სისტემას მართავს მურუსიძე-ჩინჩალაძის კორუფციული სინდიკატის მეშვეობით. შესაბამისად, ჩეხეთის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხი და საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხის შედარება წარმოუდგენელია. სწორედ ამ გარემოებათა გამო, „ოცნების“ ავტოკრატიის პირობებში, ეუთო/ოდირის მისიის არაგონივრულ ვადაში მოწვევა, ადგილობრივ არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე, ცალსახად ,,ოცნების“ სტილში, ფორმალურ-თაღლითურ დატვირთვას ატარებდა.
ჩვენი პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ დავუთმობთ „ოცნებას“ ძალაუფლებას არცერთ დონეზე და არ დავტოვებთ ამომრჩევლებს პირისპირ „ოცნების“ რეჟიმთან მარტო", - განაცხადა ზაზა თავაძემ.