ჩეხეთის რესპუბლიკამ პოლონეთში სამი ვერტმფრენი გაგზავნა, რათა დახმარება გაუწიოს ქვეყანას აღმოსავლეთ საზღვრის დაცვაში მას შემდეგ, რაც რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის შეიარაღებული ძალეი ავრცელებს.
„დღეს პოლონეთში სამი ჩეხური ვერტმფრენი ჩავიდა ჩვენი ახლო მოკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.
ისინი საბოლოო დანიშნულების ადგილზე უახლოეს საათებში ჩავლენ (...). ჩვენი პილოტები პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვას უახლოეს მომავალში დაიწყებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დააზუსტა, რომ ვერტმფრენები ნამეშტი ნად ოსლავოუს 22-ე ვერტმფრენების ავიაციის ბაზას ეკუთვნის და ისინი უკვე პოლონეთში იმყოფებიან.
„ამ დანაყოფის ჯარისკაცები უკვე აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენს ქვეყანაში და დახმარებას უწევდნენ გასულ წელს პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში მომხდარი წყალდიდობის დროს“, - აღნიშნულია იმავე განცხადებაში.
10 სექტემბრის ღამეს, პოლონეთის საზღვარი სულ მცირე 19-მა რუსულმა დრონმა გადაკვეთა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბელარუსიდან შეფრინდა.
პოლონური თვითმფრინავების გარდა, დრონების ჩასაჭრელად ნატო-ს სხვა ქვეყნების გამანადგურებლებიც აფრინდნენ.
დრონის ნამსხვრევებმა ბელარუსისა და უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ ვირიკში საცხოვრებელი შენობა დააზიანა; არავინ დაშავებულა.
ვარშავაში განაცხადეს, რომ რუსეთმა პოლონეთზე წინასწაგანზრახული თავდასხმა განახორციელა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, ნატო-ს მოკავშირეებთან კონსულტაციები მოითხოვა.