ნეპალში კვლავ გრძელდება ანტისამთავრობო დემონსტრაციები.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნეპალის უსაფრთხოების ძალების მიერ, მოკლულია სულ მცირე 19 ადამიანი, დაშავდა 150-ზე მეტი.
პრემიერ-მინისტრ შარმა ოლის გადადგომამ არათუ დააცხრო აღშფოთებული პროტესტანტები, არამედ კიდევ უფრო დიდი ბიძგი მისცა საპროტესტო მოძრაობას.
BBC-ის ინფორმაციით, დემონსტრამებმა ცეცხლს მისცეს ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში მდებარე პარლამენტის სასახლე. გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეები სიხარულის ყიჟინით და ცეკვით აღნიშნავდნენ შენობის დაწვას.
გარდა ამისა, დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს რამდენიმე მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსის სახლს.
ნეპალის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის თხოვნით პრეზიდენტს 8 სექტემბერს მიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურმა მიიღო გადადგომა და დაიწყო მთავრობის ახალი მეთაურის შერჩევის პროცესი.
არეულობა ნეპალში დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობის ინიციატივით, სოციალური ქსელები აიკრძალა. მოგვიანებით, საპროტესტო აქციებმა შეიძინა უფრო ფართო მნიშვნელობა და ანტიკორუფციულ პროტესტში გადაიზარდა.
ფართომასშტაბიანი დემონსტრაციებისა და უსაფრთხოების ძალების მიერ სასტიკი დარბევის ფონზე, მთავრობამ სოციალური ქსელებზე დაწესებული რეგულაცია გააუქმა.