საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის. ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა.
„არჩევნებზე გამჭვირვალე და სანდო დაკვირვება მოითხოვს საფუძვლიან მომზადებას და საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ, ხელს უშლის შინაარსიან დაკვირვებას და ოდირს არ ექნება არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის განთავსების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად“, – განაცხადა ოდირ-ის დირექტორმა, მარია თელალიანმა.
განცხადებაში ასევე აღინიშნება, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტების დროს ოდირს არაერთხელ აღუნიშნავს დროული მოწვევის მნიშვნელობა სანდო და ყოვლისმომცველი საარჩევნო დაკვირვების უზრუნველსაყოფად.
“როგორც ეუთოს წევრმა სახელმწიფომ, საქართველომ ვალდებულება აიღო ჩაატაროს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი დემოკრატიული არჩევნები. მაშინ, როდესაც ოდირი კომენტარებს არ აკეთებს არჩევნებზე, რომლებსაც ის არ აკვირდება, ოფისი [ოდირი] გააგრძელებს საქართველოში მოვლენების მონიტორინგს ყველა სფეროში, რომელსაც მისი მანდატი ფარავს, მათ შორის დემოკრატიულ მმართველობაში, ფუნდამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობაში”, - ნათქვამია ოდირის განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის მოწვევის წერილით მიმართვის შესახებ განცხადება 6 სექტემბერს გააკეთა.