ევროკომისია ჯერ კიდევ აფასებს საქართველოს მთავრობის ქმედებებს და მის საპასუხო წერილს ევროკავშირის მოთხოვნებზე დემოკრატიულ პრაქტიკას დაუბრუნდნენ და თუ აღმოჩნდება, რომ საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ასრულებს, შესაძლოა, ვიზების შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს.
ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა "ევროპეისკა პრავდას" განუცხადა.
„31 აგვისტოს, საქართველოს ხელისუფლებამ უპასუხა კომისიის მიერ ბრიუსელში საქართველოს ელჩისთვის 14 ივლისს გაგზავნილ წერილს. ამჟამად კომისია აფასებს საქართველოს მიერ გაგზავნილ პასუხს. კომისია შეაფასებს მიღებულ ზომებს და მათ შესაბამისობას რეკომენდაციებთან, ვიზების შეჩერების შესახებ შემდეგი ანგარიშის კონტექსტში“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ბრიუსელი კვლავ ელის, რომ საქართველოს ხელისუფლება „მიიღებს კონკრეტულ ზომებს კომისიის ყველა რეკომენდაციაში წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად“.
„შეუსრულებლობის გახანგრძლივების შემთხვევაში და შეფასების ჩატარების შემდეგ, კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
მარკუს ლამერტმა, ევროკომისიის პრესსპიკერმა გამართულ ბრიფინგზე კი "ოცნების" მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებაზეც ისაუბრა.
"ჩვენ ახლა საქართველოს მთავრობისგან მიღებული წერილის შეფასების პროცესში ვართ. ევროკომისია ელის, რომ საქართველო გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც მოყვანილია ევროკომისიის ყველა რეკომენდაციაში.
გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა მორიგი ნაბიჯი დემოკრატიის წინააღმდეგ - დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების გაყინვით. ეს არის მორიგი თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებებზე, სასამართლო სისტემის იარაღად გადაქცევა და ზეწოლის ბერკეტად გამოყენება. ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ლამერტმა "ფორმულას" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.