უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივის - Bring Kids Back UA-ს ფარგლებში რუსეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების დიდი ჯგუფი დააბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა განაცხადა. მას არ დაუზუსტებია რამდენი ბავშვი დაბრუნდა სამშობლოში.
პროექტი Bring Kids Back UA უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შეიქმნა.
„ოკუპაციის წლებში ისინი იტანდნენ ჩაგვრას, იძულებას და რუსული პროპაგანდის თავს მოხვევას და დღეს ისინი უსაფრთხოდ არიან და საჭირო დახმარებას იღებენ უკრაინაში“, - წერს ერმაკი.
მისი თქმით, ამ ბავშვებს შორის არიან დები, რომელთა დედის გარდაცვალების შემდეგ საოკუპაციო ხელისუფლებამ პანსიონში გადაყვანა სცადა; ბავშვები, რომლებიც აიძულეს რუსეთის ჰიმნი ემღერათ და რუს ჯარისკაცებთან პროპაგანდისტულ შეხვედრებში მიეღოთ მონაწილეობა;
მოზარდი, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, სამხედრო სამსახურში იყო რეგისტრირებული, ხოლო დედამისი დამცირებული იყო იმის გამო, რომ უარი თქვა შვილების სამხედრო ღონისძიებებზე გაგზავნაზე.
„დღეს ისინი ყველა იღებენ მხარდაჭერას: ისინი აღადგენენ დოკუმენტებს, გადიან ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და იღებენ მხარდაჭერას ახალი, თავისუფალი ცხოვრების დასაწყებად. „მადლობა Save Ukraine -ს და ყველა პარტნიორს ამ ბავშვების გადარჩენაში დახმარებისთვის“, - აღნიშნა ერმაკმა.