გუშინ ვიხილეთ აბსოლუტური უცოდინრობა და ათსართულიანი გინება, რომელიც განზრახ დაგეგმილი ბოროტებაა საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებულ ინციდენტზე საარჩევნო შტაბთან, სადაც გუშინ აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, წყევლა ჩვეულებრივი ამბავი გახდა.
„მომწერეს, ვოლსკები მაინც ამოწყვეტილი ხართო. ჩვენს ოჯახში უბედურება მოხდა და სულ ამოწყდით, ეს სურვილი გვაქვსო. გოგონები იგინებიან. ე.წ. ოპონენტებმა წესად შემოიღეს, რომ ადამიანს უნდა აგინო, დაწყევლო და უნდა უთხრა, რომ მალე მოკვდება. მით უმეტეს, ამისთვის ორგანიზებული სპეციალურად გოგონები არიან. მათი დამოკიდებულებაა, ამ ყველაფერზე არავინ პასუხი გასცეთ. შეიძლება, ასეთ დროს ადამიანი მწყობრიდან გამოვიდეს და პასუხი გასცეს. სწორედ ამას ჰქონდა ადგილი. ეს არ არის ემოციური გამოვლინება, ეს განზრახ დაგეგმილი ქმედებებია, რომელიც კონკრეტულ მიზანს ემსახურება, რომ შექმნან ატმოსფერო, სადაც ფასეულობა, ტრადიცია და გულწრფელობა აღარ არსებობს. აბსოლუტური უცოდინრობა და ათსართულიანი გინების ცოდნა განზრახ დაგეგმილი ბოროტებაა საქართველოს წინააღმდეგ. გუშინ ეს ვიხილეთ. ბექა ოდიშარიას გინებას ვერ დავგმობ, რადგან ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს, როდესაც ათი მოლაპარაკე ტურა შემოგესევა და ასეთი ინტენსიური ბულინგით, უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ შენს ოჯახს, შენი ოჯახის წევრებს, გარდაცვლილებს, ცოცხლებს, ბავშვებს, უფროსებს. შეიძლება, ასეთ ვითარებაში ადამიანმა თავი ვერ შეიკავოს. რასაკვირველია, თავი უნდა შეიკავოს ბექამაც, მეც, ყველამ, მაგრამ ხანდახან ეს რთულია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.