აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიაკომპანია "აზალმა" და ბელორუსის "ბელავიამ" ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მინსკი-ბაქოს ავიახაზის ერთობლივი ექსპლუატაციის შესახებ. 
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ერთობლივი ავიარეისების შესრულება 6 თებერვლიდან დაიწყება. 
ამ დრომდე "ბელავია" ავიახაზის ექსპლუატაციას დამოუკიდებლად აწარმოებდა. მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ავიახაზის ოპერატორი "ბელავია" იქნება, ხოლო "აზალი" მარკეტინგული საქმიანობით დაკავდება. 
ზამთრის სეზონის განრიგი არ იცვლება, ხოლო ზაფხულიდან კვირაში 3 რეისი შესრულდება. 
"აზალი" და "ბელავია" მიიჩნევენ, რომ მათი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება მგზავრებისთვის დამატებითი პირობების შექმნა მინსკისა და ბაქოს ტრანზიტად გამოყენების თვალსაზრისით.