"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას გამოეხმაურა.
მიქელაძის განცხადებით, ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, ნიშნავს ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას.
„მეგობრებო, ვიცი, რომ ბევრი ხართ შეწუხებული იმით, რაც ხდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავს. დღეს დილით აღმოვაჩინეთ, რომ ანგარიშები დაყადაღებული იყო. თავიდან ვიფიქრეთ, ეს ანტიკორუფციული ბიუროს პროცედურის ფარგლებში მოხდა, თუმცა, საბოლოოდ, პროკურატურის საჯარო განცხადებით გავიგეთ, რომ ჩვენი და სხვა ორგანიზაციების ანგარიშები პროკურატურის შუამდგომლობით ე.წ. საბოტაჟის გამოძიების ფარგლებში დაყადაღდა. ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ მისი დასაბუთება ალბათ არც არის საჭირო, თუმცა ამაზე ვრცლად მოგვიანებით დავწერთ. ამასთან, ეს გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, ნიშნავს ორგანიზაციების ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას. „ქართულ ოცნებას“ უნდა, ჩვენ მოქალაქეებისა და სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა ვეღარ გავაგრძელოთ და გავჩერდეთ, აღარ ვამხილოთ მათი დანაშაულები, უსამართობა და აღარ ვაშენოთ სოლიდარობა საზოგადოების შიგნით. ვიზალიბერალიზაციის საკითხის დედლაინამდე (31 აგვისტომდე) რამდენიმე დღით ადრე სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურების გადაწყვეტილება რას შეიძლება ნიშნავდეს, ეს ცალკე დიდი საკითხია. პრაქტიკულად, ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან და ამ პროცესის სრული საბოტაჟი“, – წერს თამთა მიქელაძე.
ფოტო: RFE/RL