აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს. მხარეები თავიანთი მოდელის დასრულებას მომავალი კვირის ბოლომდე გეგმავენ. ამის შესახებ უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყდნობით იუწყება.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული შეხვედრა 22 აგვისტოს საღამოს გაიმართა. აშშ-ის მხრიდან მას რუბიო და ამერიკის შეიარაღებული ძალების გენერლები ესწრებოდნენ.
შეხვედრას ასევე შეუერთდნენ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის ლიდერების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები, ასევე ნატო-ს და ევროკომისიის წარმომადგენლები.
გამოცემის წყაროს ცნობით, უსაფრთხოების გარანტიების დეტალებს ამჟამად ორი ქვეჯგუფი ამუშავებს: პოლიტიკურ-სამართლებრივი ჯგუფი და სამხედრო ჯგუფი.
უკრაინის პოლიტიკურ ჯგუფს ერმაკი ხელმძღვანელობს.
სამხედრო საკითხებს განიხილავენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები.
სამხედრო გარანტიები მოიცავს, კერძოდ, იარაღის მიწოდებას, თავდაცვის ძალების ფინანსურ მხარდაჭერას, სადაზვერვო მონაცემების გაცვლას, წვრთნების ჩატარებას და ერთობლივი სასწავლო მისიების ჩატარებას.