რუმინეთის მიერ სამხედრო ბაზების შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სხვა მოკავშირეებისთვის გადაცემა შესაძლოა ბუქარესტის წვლილი იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განხორციელებაში.
ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ილიე ბოლოჟანმა რუმინულ მედიას განუცხადა.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა უკრაინაში საკუთარ შეიარაღებულ ძალებს არ გაგზავნის და „არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების განლაგებაში“. მისი თქმით, „ეს ძალიან მკაფიო პოზიციაა“.
„მოკავშირეებთან ჩვენი განხილვის მეორე თემა იყო ის, რომ რუმინეთის ნატო-ში წევრობის გათვალისწინებით, ჩვენი სამხედრო ბაზები, რომლებსაც უკვე ერთობლივად მართავენ რუმინეთისა და ნატო-ს ძალები - ძირითადად საჰაერო ბაზები - ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნატო-ს ჯარების, ამერიკის შეერთებული შტატების ჯარებისა და სხვა მოკავშირეების გამოსაყენებლად.
ასე რომ, ეს შეიძლება გახდეს, ასე ვთქვათ, რუმინეთის წვლილი უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფაში.
ამასთან, ბოლოჟანმა აღნიშნა, რომ დღეს რუმინეთის აეროპორტები უკვე გამოიყენება საჰაერო პატრულირებისა და შავ ზღვაში მოვლენების მონიტორინგისთვის, ხოლო ქვეყნის შეიარაღებული ძალები მოკავშირეებთან ერთად ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ.
მანამდე, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუმინეთი „სანდო და აქტიური მოკავშირეა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში და კვლავ ერთგული რჩება უკრაინისთვის მრავალმხრივი და მდგრადი მხარდაჭერის გაწევის მიმართ, ნატო-სთან და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით“.