უკრაინაში ომის დასრულების ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლოა, ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გაყინვა იყოს. ამის შესახებ იტალიურ გაზეთ La Repubblica.-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„უკრაინის წინასწარი პოზიციაა, რომ ომიდან გამოსვლის ერთ-ერთი სცენარი ფრონტის ხაზზე კონფლიქტის გაყინვაა. ეს ის ტერიტორიებია, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ისინი ასე დარჩებიან“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, პოდოლიაკის თქმით, ამ ტერიტორიების უკრაინისთვის დასაბრუნებლად ეკონომიკური, დიპლომატიური და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით ბევრი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, თუმცა დე იურე ისინი უკრაინის საკუთრებაში დარჩება.
როგორ შეიძლება აგრესორის მიმართ დათმობებმა ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს. ამგვარად, აგრესორი აგრესიისთვის კი არ იხდის საფასურს, პირიქით. მაშ, რატომ უნდა შეჩერდეს? ჩვენ ასე მხოლოდ ვამხნევებთ მას.
ამასთან, ზელენსკიმ ნათლად განაცხადა: ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემა აკრძალულია. ეს მხოლოდ კონსტიტუციური საკითხი არ არის. შეუძლებელია ტერიტორიის ცალმხრივად დათმობა აგრესორისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ომის გაყინვის შემთხვევაშიც კი „კორეულ“ ან „გერმანულ“ სცენარებთან ანალოგიები შეუსაბამოა.
მისივე თქმით, საუბარი არ იქნება დროებით ოკუპირებული ტერიტორიების იურიდიულ აღიარებაზე.
„დე იურე, არავინ აღიარებს ამ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად“, - თქვა მან.