აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას მათ დაკარგული ბავშვების გლობალური პრობლემა განიხილეს. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
„ეს ასევე მნიშვნელოვანი თემაა ჩემი მეუღლის, მელანიისთვის. ეს საკითხი ყველა სიის სათავეში დგას და მსოფლიო ერთად იმუშავებს ამ პრობლემის გადასაჭრელად და, იმედია, ეს ბავშვები თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან!“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ფონ დერ ლაიენმა კი, თავის მხრივ, სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ადამიანური მსხვერპლი უნდა შეწყდეს.
„ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ გატაცებული ყველა უკრაინელი ბავშვი ოჯახს უნდა დაუბრუნდეს. მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისი დღევანდელი მკაფიო განცხადებისთვის, რომ ეს ბავშვები ოჯახებს დაუბრუნდებიან“, - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.