უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე მან ევროპელ ლიდერებთან კონსულტაციები გამართა, რომლის დროსაც მათ უკრაინისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების მისაღწევად ერთობლივი ნაბიჯები განიხილეს.
პრეზიდენტის თქმით, ახლა მთავარი მიზანი უკრაინისა და მთელი ევროპისთვის „საიმედო და მდგრადი მშვიდობაა“.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა შეხვედრის დინამიკამ სწორედ ეს შედეგი გამოიღოს. ჩვენ გვესმის, რომ არ უნდა ველოდოთ, რომ პუტინი უარს იტყვის აგრესიასა და დაპყრობის ახალ მცდელობებზე. ამიტომ, ზეწოლამ უნდა იმუშაოს და ეს უნდა იყოს ერთობლივი ზეწოლა - აშშ-სა და ევროპისგან, მსოფლიოში ყველა იმ ადამიანისგან, ვინც პატივს სცემს სიცოცხლის უფლებას და საერთაშორისო წესრიგს“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
მან დასძინა, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ ფინეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის ლიდერები, ევროკომისიის პრეზიდენტი და ნატო-ს გენერალური მდივანი. ლიდერებმა ორშაბათს, მოგვიანებით, პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის წინ პოზიციები შეათანხმეს.
„უკრაინა მზადაა რეალური ცეცხლის შეწყვეტისა და ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესაქმნელად. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა“, - თქვა ზელენსკიმ.