უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად „მსურველთა კოალიციის“ კიდევ ერთი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„ნებისმიერ გრძელვადიან მშვიდობას თან უნდა ახლდეს უსაფრთხოების ურყევი გარანტიები. ამ მხრივ, მივესალმები შეერთებული შტატების მზადყოფნას, შეიტანოს თავისი წვლილი.
ამაზე მათთან და „მსურველთა კოალიციიდან ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად ვიმუშავებთ, რომლებთანაც მალე კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება, რათა მივაღწიოთ კონკრეტულ პროგრესს“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე, ალასკაში რუსეთ-აშშ-ს სამიტთან დაკავშირებით.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აპირებს „მჭიდროდ ითანამშრომლოს“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, „რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები ერთიანობისა და პასუხისმგებლობის სულისკვეთებით“.
„უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთზე ზეწოლა, ვიდრე აგრესიის ომი გრძელდება და არ დამყარდება ხანგრძლივი მშვიდობა“, - აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, „საფრანგეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას“.