დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის ალასკაში გამართული სამიტი პომპეზურად და იმედით დაიწყო, მაგრამ სრული კრახით დასრულდა. ამის შესახებ Financial Times წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტრამპმა ვერ შეძლო პუტინისგან უკრაინაში ომის დასრულების რაიმე ვალდებულების მიღება.
გამოცემა იხსენებს, რომ ეს შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტსა და პუტინს შორის პირველი იყო 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რამაც დაასრულა დასავლეთის მრავალწლიანი მცდელობები, მოეხდინათ მისი იზოლაცია.
„ტრამპმა შეხვედრამდე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვდა. მან ალასკა დატოვა და ვაშინგტონში დაბრუნდა პუტინის მხრიდან რაიმე ვალდებულების აღების გარეშე, რომელმაც ნათლად განაცხადა, რომ არ უთქვამს უარი უკრაინის კაპიტულაციის შესახებ თავის მკაცრ მოთხოვნებზე“, - წერს Financial Times.
აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა პუტინთან და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მომავალში შეხვედრების შესაძლებლობა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ კონფლიქტის დასრულებაზე პასუხისმგებლობა ახლა კიევსა და მის ევროპელ მოკავშირეებს ეკისრებათ.
ტრამპმა ასევე ურჩია ზელენსკის „შეთანხმების დადება“. მან დასძინა: „რუსეთი ძალიან ძლიერი ქვეყანაა და ის კი - არა. ისინი დიდ სამხედრო მანქანას ებრძვიან“.
აშშ-ის პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, უკან დაიხია რუსეთის ეკონომიკაზე დარტყმის გეგმებისგან, თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდებოდა, რითაც მიანიშნა, რომ ის გააუქმებდა ნებისმიერ წინადადებას რუსული ნავთობის იმპორტიორების, მაგალითად ჩინეთის, დასასჯელად.
ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკაში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა მის შემდეგ ლიდერებმა მხოლოდ ზოგადი განცხადებები გააკეთეს და პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვეს.
კერძოდ, ტრამპმა განაცხადა, რომ ამჟამად პუტინთან უკრაინაში ომის მოგვარებასთან დაკავშირებით შეთანხმება არ არსებობს.
მოგვიანებით, Fox News-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმება ახლა ზელენსკიზეა დამოკიდებული და რომ მხარეები მისი, პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრისთვის მზადებას იწყებენ.