13 აგვისტოს ევროპელ ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ფართომასშტაბიანი ონლაინ-შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალასკაში რუსეთის პრეზიდენტისგან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში X-ზე წერს.
ბაროს თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინის დელეგაციისა და მოკავშირეებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინისგან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.
ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოლაპარაკება მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის თანდასწრებით, პუტინთან შემდეგი შეხვედრის დროს გაიმართება.
გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეუერთდება საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების სისტემას, რომელიც შემუშავებულია „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების მიერ.