საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა ონლაინ სამიტის შემდეგ „მსურველთა კოალიციის“ სახელით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა უკრაინის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. დიპლომატიური გადაწყვეტა უნდა იცავდეს ევროპისა და უკრაინის სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესებს.
სამივე ლიდერმა ასევე გაიმეორა, რომ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებშია შესაძლებელი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს, თუ ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხერხდება, საერთაშორისო საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა კი დაუშვებელია.
გარდა ამისა, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, უკრაინას არ შეიძლება ჰქონდეს შეზღუდვები თავისი არმიის რიცხოვნობაზე ან სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაზე და რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს დადების უფლება უკრაინის ევროკავშირში ან ნატო-ში გაწევრიანებაზე.
სამიტის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დაწერა.
„უსაფრთხოების გარანტიები უნდა არსებობდეს - ნამდვილად საიმედო. დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა ამის მხარდაჭერისა და მონაწილეობის მზადყოფნის შესახებ. რუსეთს არ შეუძლია ვეტოს დადება უკრაინის ევროპულ ან ნატო-ს პერსპექტივებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.